ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით, მიღწეულია რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება - შალვა პაპუაშვილი

09 აპრილი 2024, 18:46 393 ნახვა

სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

„სიმბოლურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დღევანდელ დღეს გამოცხადება.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომლებიც მოიცავს სიცოცხლის უფლებას, წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, საკუთრების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

ეს გადაწყვეტილება არის მძლავრი სამართლებრივი იარაღი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

სწორედ ჩვენი ხელისუფლების დაუღალავი ძალისხმევით არის მიღწეული რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი გამარჯვება.

ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი პოლიტიკისა და მტკიცე სამართლებრივი ნაბიჯებით,” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში