საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია, 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო - ნათია თურნავა

27 მაისი 2024, 11:48 404 ნახვა

საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ სამ პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილებას კლებადი ტენდენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდში მიზნობრივი სამპროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობდა ლარის კურსის გამყარება, რომელმაც, საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტული ინფლაციის კლება და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, 1.5 პპ-ით, 9.5 პროცენტამდე შეამცირა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში