აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 295 მილიონი ლარით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

28 მაისი 2024, 11:34 347 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 730.66 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით გაიზარდა და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მლნ ლარით, ანუ 1.47%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მლნ ლარით,ანუ 1.22%-ით გაიზარდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2024 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.82 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით – 15.47 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.71%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის აპრილის განმავლობაში 1.72%-ით, ანუ 481.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 28.41 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.25 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.06 პროცენტული პუნქტით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 52.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 533.75 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.15 მლრდ ლარით, ანუ 5.27%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 616.79 მლნ ლარით, ანუ 2.06%-ით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა კი 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 51.75 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.41 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.07% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.90%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.96%, ხოლო ევროს წილმა 20.21% შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში