თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა. დღეს პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს, ამასთან დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.
ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები წარუდგინა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია მოცემული სისხლის სამართლებრივი საქმეების პოლიტიკურ კონტექსტზე და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ შეაფასოს ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ხომ არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობას და ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მოთხოვნების დარღვევას.