პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
ადვოკატები დღევანდელ პროცესზე ითხოვდნენ მოსამართლეს პატიმრობის ნაცვლად ალტერნატიული სასჯელი გამოეყენებინა, ისინი სთხოვდნენ ბრალდების მხარეს წარედგინა მტკიცებულებები თუ რატომ შეიძლება არსებობდეს ბრალდებულების მხრიდან თუნდაც მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. საწინააღმდეგო მოსაზრება ჰქონდა პროკურატურას.
პროცესზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას მოსამართლესა და ადვოკატს შორის. მოსამართლეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე მოუწოდებდა, რომ თავისი პასუხისმგებლობა გაეცნობიერებინა და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
ამ მიმართვამ მოსამართლე გააბრაზა და ადვოკატს შენიშვნა მისცა, თამარ მჭედლიშვილის განცხადებით ის საკუთარ გადაწყვეტილებებში თავისუფალი და დამოუკიდებელია. სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმაც და მათ სასამართლოს უთხრეს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.