პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

05 მაისი 2025, 14:08 213 ნახვა

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი 46 წლის პატიმრის იოსებ გორგაძის ოჯახი  დამოუკიდებელი ექსპერტიზის და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ოჯახის ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების ვერსია, თითქოს პატიმარი დაეცა და ტვინსა და სახეზე მრავლობითი დაზიანებები ამ გზით მიიღო, ლოგიკას მოკლებულია. მისი განცხადებით, პატიმრის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი  პენიტენციური დაწესებულებაა. გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურმა  საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამოძიება  სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, თუმცა მასში არ არის მითითებული მიზეზი, რის გამო დამძიმდა პატიმრის მდგომარეობა და გადაიყვანეს კლინიკაში.

პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. 

იოსებ გორგაძეს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში