რაგბის კლუბი "ჩაქვი" ოქროს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის

08 მაისი 2025, 20:02 305 ნახვა

დღეს საქართველოს სარაგბო ჭაბუკთა B, ვერცხლის ლიგაში პლეი-ოფში შესასვლელი მატჩი გაიმართა. რაგბის კლუბმა „ჩაქვმა“ „თუშეთს“ უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 31:0 დაამარცხა, რითიც ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნუგზარ ლორთქიფანიძის შეგირდებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო ლელო გაუტანეს, რითიც მიმდინარე სეზონში ლიდერის სტატუსი კიდევ განიმტკიცეს. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობიდან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებიც დაასახელეს.
„ჩაქვის“ რიგებიდან საუკეთესოები შერკინებიდან საბა ჩოჩიშვილი და ხაზის მოთამაშე ტონი რიონიძე გახდნენ. „თუშეთის“ რიგებიდან კი მესამეხაზელი ლუკა ბაიხოიძე და ცენტრის მოთამაშე ვახტანგ მჭედლიშვილი გამოარჩიეს.
რაგბის კლუბი „ჩაქვი“ უკვე პლეი-ოფშია და წარმატების შემთხვევაში, მომავალ სეზონში ჭაბუკთა ოქროს ლიგაში ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ „ჩაქვის“ მოთამაშეებიდან სამი მორაგბე - გიორგი არძენაძე, გიორგი ბოლქვაძე და ნიკა ხალვაში საქართველოს 18 და 20 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში არიან მიწვეულები. თუ როდის გაიმართება პლეი-ოფის შეხვედრები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში