რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს, სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2022 წელს, ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. მიუხედავად ყველაფრისა, ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას 2022 წლის ბოლოს მათ მიერვე შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას მოლაპარაკებების დროს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება ახალი ზავისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ამასთან, რეალური ზავისა, რომელსაც დაიცავდა არამხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, ვიმეორებ, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ და არა პროლოგი შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახალი შეიარაღებისა და დაკომპლექტების შემდეგ“ – განაცხადა პუტინმა.