„საქართველოს ბანკმა“ რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შეზღუდვები დააწესა - რუსული გამოცემის (РБК) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი კლიენტები ბანკის ბარათით ძვირადღირებულ მაღაზიებში 300 დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას 21 მაისიდან ვეღარ ყიდულობენ.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ შეზღუდვა რუსეთში რეგისტრირებულ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეხებათ. ფაქტს გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ილია ინჯიას განცხადებით, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის გვერდის ავლით მოხდა და ეს ქართულ ეკონომიკას დააზიანებს. ილია ინჯიამ ეროვნულ ბანკს ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.