საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

13 ივნისი 2025, 19:12 148 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები.

"საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მოიწვია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში