აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური ანგარიშით უსმენენ

18 ივნისი 2025, 14:51 152 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონში ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მათი უპირველესი ამოცანაა კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე.

მისივე განცხადებით, სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წლისთვის აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაჩვენებელმა 2,8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21%-ით აღემატება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, კურორტ "გოდერძიზე" მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დამატებით 1500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირით აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 27 100 აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში 39 სოფლის 37 800 მოსახლე თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით,  "ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტის დასრულების შემდეგ 1077 ოჯახი ბინას მიიღებს.

2025  წელს აჭარაში 42 მიმართულებით 98 კილომეტრი სიგრძის გზის სრული რეაბილიტირებაა დაგეგმილი. ასევე 30 საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ანგარიშის თანახმად, 2024-2025 წლებში, აჭარაში ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და დასაქმების მიმართულებით 90 946 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, უსასყიდლოდ დამუშავდა 2438 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი. გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში