ნარკოტიკებთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, შეურიგებელი ვიქნებით ნარკორეალიზატორების მიმართ - პრემიერი

27 ივნისი 2025, 14:56 75 ნახვა

ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, უპრეცედენტო მოცულობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„18 მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ამ ქმედებებისთვის. არ გავჩერდებით და მომავალშიც ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში და შეურიგებელი ვიქნებით ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი ამ მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩანაცვლებითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა. სახელმწიფო დააზღვევს ნებისმიერ მანკიერებას ამ მიმართულებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ვერავის მისცემს საშუალებას, გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ქვეყანაში.

„ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას, მათ შორის, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში. წაახალისონ მარიხუანას, კლუბური ნარკოტიკების და სხვა მსგავსი საშუალებების მოხმარება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გამჭვირვალობის შესახებ და გრანტების შესახებ კანონის მიღებისთვის. სწორედ ასეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონმდებლობა. ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით, საზოგადოებისგან მალულად ასეთი მანკიერება შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გადმობარება.

„მომავალ კვირაში უნდა იყოს მიღებული შესაბამისი კანონპროექტი, მანამდე, რამდენიმე დღე გვაქვს და შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვადებთან დაკავშირებით, მანამდე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილებები. მიდგომა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს გადმობარება, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სახელმწიფოს მიერ. რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს ეს ვადები, მთავარია ხარვეზები არ გაგვეპაროს, ამიტომ, ამ დღეების განმავლობაში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და მაქსიმალურად მჭიდრო ვადები განვსაზღვროთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში