აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ბათუმში, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა.
"მეზღვაურობა საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც არა მხოლოდ გამბედაობას, არამედ უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. საზღვაო სექტორი სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს აჭარისთვის. მეზღვაურებს განსაკუთრებული როლი აქვთ ზღვისპირა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. ქართველი მეზღვაურების უმრავლესობა, სწორედ, აჭარიდანაა და მათი წვლილი უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონის სიძლიერისა და განვითარებისთვის.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში და პირველ რიგში, ეს საზღვაო განათლების მხარდაჭერაში გამოიხატება. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გაზარდა მეზღვაურების ის თაობა, რომელიც წარმატებით საქმიანობს წამყვან საერთაშორისო საზღვაო კომპანიებში.
საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით. ვულოცავ ყველა მეზღვაურს პროფესიულ დღეს! გისურვებთ მშვიდ და უსაფრთხო ნაოსნობას", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.