ევროპარლამენტმა, თუ არ ვცდები, მეშვიდედ მიიღო აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია, რაზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ - პრემიერი

10 ივლისი 2025, 11:43 133 ნახვა

ეს არის ევროპარლამენტის მორიგი, თუ არ ვცდები, მეშვიდე აბსოლუტურად სამარცხვინო რეზოლუცია. მგონი, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის სამარცხვინო ქმედება, ამაზე მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება უბრალოდ სირცხვილია. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისთვის, რომ 2004-2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც სჩადიოდნენ. ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა – ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს სწორედ იმავე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სამარცხვინო ენით საუბრობენ და სამარცხვინო რეზოლუციებს იღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რასა იუკნევიჩიენე ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და მარტივად ამბობს ტყუილებს, ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს ფასი არ აქვს, საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს.

„ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. არავითარი ფასი არ აქვს ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს. თქვენ ხედავთ, რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი. საზოგადოება ხედავს ყველაფერს და საზოგადოება აფასებს ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტმა შესწორებებით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც 2023 და 2024 წლებში ევროკომისიის ანგარიშებს ეხება. დოკუმენტს 490-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 147 წინააღმდეგი იყო, 49 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში