აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ბოლქვაძეს ნინო ჩხეტია, გოჩა გუგუნავას კი არჩილ სამნიძე ჩაანაცვლებს

15 ივლისი 2025, 12:35 531 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღეს საბჭოს გამოკლებული წევრის ირაკლი ბოლქვაძის ადგილმონაცვლის ნინო ჩხეტიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ იმსჯელეს. დეპუტატებმა ასევე განიხილეს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი გამოკლებული წევრის გოჩა გუგუნავას ადგილმონაცვლის არჩილ სამნიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.

დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს, გოჩა გუგუნავასა და ირაკლი ბოლქვაძეს უფლებამოსილება არასაპატიო მიზეზით სხდომებზე დაუსწრებლობის გამო შეუწყდათ. მისივე თქმით, პროცედურის თანახმად უსკომ მიმართა სიით ორ მომდევნო სუბიექტს, ნინო ჩხეტიას და არჩილ სამნიძეს, მათ მიერ კი დაწერილია თანხმობები და წარმოდგენილია შესაბამისი საჭირო განცხადებები.

"აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ დღეს იმსჯელა აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით და მიიღო საკითხის კომიტეტებში განსახილველად დაშვების გადაწყვეტილება. პროცედურულად კომიტეტის დასკვნის შემდგომ, ბიურო საკითხს გადასცემს უახლოეს პლენარულ სხდომას განსახილველად, სადაც იმსჯელებენ ორი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ"- განაცხადა დავით გაბაიძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე პლენარული სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც ორი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ იმსჯელებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი