საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი გამოიყვანოს, ეს თუ არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას - კახა კალაძე

15 ივლისი 2025, 14:14 174 ნახვა

ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ ინფორმაციას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. იყო უბედური შემთხვევა, რაც ძალიან ცუდია და მძიმეა, დაიღუპა ორი ადამიანი. რაც შეეხება ავარიულობის კატეგორიას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აღნიშნულ შენობას აქვს მესამე კატეგორია. ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორია იყო, თუმცა ამას არსებითი მნიშვენლობა არ აქვს, რადგან შენობაში ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. 2021 წელს საზოგადოებას დავპირდით, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რომლითაც შევძლებდით ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას. ეს პროგრამა არსებობს, მუშაობს, თუმცა არსებობს გამოწვევები.  არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობის 100-პროცენტიანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, ადამიანი, რომელიც 50 კვ.მ. ცხოვრობს, სურვილი აქვს, უფრო დიდი ფართი მიიღოს, რისი გაკეთების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს. ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ვთავაზობთ ქირით უზრუნველყოფას, არანაირი გადასახადი არ ექნებათ,  დროებით მოგვიწევს მათი გაყვანა და დავაბრუნებთ ახალაშენებულ კორპუსებში, რომელიც იქნება გარემონტებული და მოწესრიგებული. ამ საკითხზე უამრავი განცხადება მაქვს გაკეთებული, მოწოდებები მოსახლეობის მიმართ, რომ იაქტიურონ და გამოიყენონ აღნიშნული პროგრამა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რომ 2023 წელს მიღებული დადგენილებით მერიას შეეძლო მოსახლეობის სრული უმრავლესობის თანხმობით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის სიცრუე.

„ჩემი თხოვნაა, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. ეს თუ არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას. არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100-პროცენტიანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი გამოიყვანოს. მსგავსი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე და გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმით გამოყარეთ ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია, თუმცა ხალხი ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, არაერთი შეხვედრა გაიმართა კორპუსის ჩანაცვლებაზე.

ქალაქის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ჩამონგრევის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. მოხდა უბედური შემთხვევა და ორი ადამიანი დაიღუპა, რაც ძალიან მძიმეა.

რაც შეეხება განცხადებას ავარიულობის კატეგორიულობის შესახებ, ჩემი შეცდომა იყო, რომ გუშინ ვთქვი მეხუთე კატეგორია. აღნიშნულ შენობას აქვს მესამე ხარისხის ავარიულობის კატეგორია მინიჭებული. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ გაჩნია, რადგან ფაქტი ისაა, რომ კონკრეტულ შენობაში ხალხი ცხოვრობდა იმის მიუხედავად, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე.

2021 წელს საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითიც შევძლებდით ქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას. ეს პროგრამა მუშაობს, თუმცა არსებობს გამოწვევები. არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება ვერ ხერხდება. ასევე, არის შემთხვევები, რომ ადამიანები, მაგალითად, ცხოვრობენ 50 კვადრატულ მეტრ ფართობში და სურვილი აქვთ, უფრო მეტი ფართი მიიღონ. ეს წარმოუდგენელია. მუნიციპალიტეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ ამ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფას ვთავაზობთ, დროებით გაგვყავს და ვაბრუნებთ უკვე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. ამასთან დაკავშირებით უამრავი განცხადება და მოწოდება მაქვს გაკეთებული მოსახლეობის მისამართით, რომ იაქტიურონ და ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი