ივლისში, ივნისთან შედარებით, სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - ეროვნული ბანკი

18 აგვისტო 2025, 16:09 123 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ივლისის თვის კვლევას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, ივლისში, ივნისთან შედარებით, სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას შედარებით მაღალ 6-8%-სა და 8%-ზე მეტ ინტერვალში ფიქრობენ. ამავდროულად, ივნისთან შედარებით, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6% ფარგლებში ელოდებიან.

ამავე კვლევის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები თითქმის უცვლელად ნარჩუნდება. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების უცვლელობასა და 6%-8%-იან ინტერვალში მატებას ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.

კვლევის თანახმად, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირების მიმართულებით გადაიხედა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში