ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა - ეროვნული ბანკი

19 აგვისტო 2025, 13:31 61 ნახვა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. თავის მხრივ, სურსათის გაძვირება ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება.

„გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო. ამას გარდა, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. ამასთანავე, როგორც წინა თვის ანგარიშში აღინიშნა, საერთაშორისო ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი სურსათის ფასების ზრდას დიდწილად პურის ერთჯერადი გაძვირება განაპირობებს. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციიის ასახვაა. ამავდროულად, ივლისის ინფლაციაში ინტერნეტის გადასახდელის დისინფლაციური ეფექტი განახევრდა, ხოლო აგვისტოდან სრულად ამოვარდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, ეროვნული ბანკის ცნობით, ის მიმდინარე წელს სტაბილურია. სებ-ის ანგარიშით, ივლისში საბაზო ინფლაციამ 2.2% შეადგინა. როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად.

„ივლისში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი სურსათის ფასების სეზონური ცვლილებებია. აღსანიშნავია ბენზინის 3.7%-იანი გაძვირებაა, რამაც თვის ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით გაზარდა. წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის ივლისთან შედარებით 10.3%-ით გაძვირდა. ამრიგად, ივლისის 4.3%-იანი ინფლაციიდან 3.2 პროცენტი სურსათზე მოდის, ხოლო აქედან 1.7 პროცენტი – კარტოფილის, პურის, ზეთის და იმერული ყველის გაძვირებაზე. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.5%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.8-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. საწვავისა და ინტერნეტის გაიაფებამ წლიური ინფლაცია, შესაბამისად, 0.4 პროცენტით და 0.2 პროცენტით შეამცირა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, შესაბამისად, 5.4% და 7.5% შეადგინა.

„წლიურ დონეზე ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის და ყველის გაძვირებამ გამოიწვია. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ივლისში 3.0%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად კარტოფილის და მზესუმზირას ზეთის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში, დიდწილად საწვავის წლიური გაიაფების გავლენით, 1.6%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში