აჭარის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები დაიწყო

19 აგვისტო 2025, 13:34 136 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) 3 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ბიუროს წევრებს ნოდარ მელაძის, ირაკლი გვარჯალაძის და მარიამ გუგუნავას კანდიდატურები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარუდგინა. დავით გაბაიძის განცხადებით, კონკურსში მონაწილე ხუთი კანდიდატიდან საკონკურსო კომისიამ სამი შეარჩია, სამივე უსკო-ს მოქმედი წევრია.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა და განისაზღვრა განხილვის ვადა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში