გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა

22 აგვისტო 2025, 13:44 1082 ნახვა

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის ლ.ჩ. ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგენილი წესების შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება. არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება, ცხოველების მკურნალობის შესახებ ჩანაწერები არ არის სრულყოფილად წარმოებული. ვერ იქნა წარმოდგენილი ვოლიერებში არსებული ცხოველების მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მათ შორის, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ ტარდებოდა ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია.

თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები, დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა. პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული რეგისტრირებული ცხოველთა თავშესაფრების ვეტერინარულ კონტროლს. მიმდინარე წელს გეგმურად და არაგეგმურად შემოწმებულია ყველა თავშესაფარი, მათ შორის, უპატრონი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართული თავშესაფრები“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი