უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებისგან პირდაპირ ღია განცხადებები ისმოდა, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი.
„ყველას გვახსოვს, პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად, ეს იყო უშიშროების სამჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და ასე შემდეგ. ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას. როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფროონტი, გახსოვთ, რა მოაყოლეს ამ ყველაფერს. ასევე მინდა, შეგახსენოთ, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარალელურად, მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას“.
„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით. ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები. იგივე ხდებოდა აშშ-ში წინა ოთხი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, აშშ საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას. იმედი გვაქვს, ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.