საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით დაზარალებულს აიძულებდა მის კუთვნილ მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობით დაზარალებულისგან მოითხოვდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე, გამვლელი ავტომობილებისთვის მოწყალება ეთხოვა, ხოლო ამ გზით მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 25 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე