საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6,6 პროცენტით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მიმდინარე წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს.
უწყების ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.8% იყო, მეორე კვარტლის ზრდა 7.3%-ს გაუტოლდა, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5%, ხოლო აგვისტოში 6.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა.
„მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 9.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4,632 ერთეულს გაუტოლდა. 2025 წლის აგვისტოში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი, პოზიტიური წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ასევე ვაჭრობის სექტორებმა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებს, ამ პერიოდში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა, მათ შორის ხაზგასასმელია ექსპორტი, რომელიც 6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები (წლიური ზრდა – 3.8%)“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.
„ამ მხრივ გამორჩეული იყო 2024 წელიც, როცა საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2024 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ამის დასტურია სავალუტო ფონდის მიერ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-დან 7.2%-მდე გაზრდა, ასევე EBRD-ის მიერ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-დან 7%-მდე ზრდა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, საშუალოდ 5.4% იქნება“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე