ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს - ჯანდაცვის სამინისტრო

30 სექტემბერი 2025, 13:11 89 ნახვა

1 ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.

„ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.

„ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე – sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 960 680; 591 960 690“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე