დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა სექტემბრის თვეში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტს აჭარის რეგიონში და მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„მთავრობის მუშაობა მიმართულია არა სიტყვებზე და დაპირებებზე, არამედ საქმეზე - ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და მოქალაქეების უკეთეს მომავალზე,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მისი განცხადებით, სექტემბერში, აჭარაში, კერძოდ ხულოს, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 5 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.
ბათუმს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, ხოლო ქობულეთში სამი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სოციალურ პროექტებსა და პროგრამებზე. მისი თქმით, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მშენებლობა სამ ლოკაციაზე აქტიურ ფაზაშია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 570 ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ ბინას: ორ ლოკაციაზე სამუშაოები 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში დასრულდება, ხოლო მესამე ლოკაციაზე – 2027 წელს. პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელვაჩაურში დასრულებულ სოციალურ სახლის მშენებლობაზეც. მისი თქმით, უკვე დაწყებულია ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, რის შემდეგაც ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის პროცესი დაიწყება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე