ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, აღდგომოდა დიქტატურას, რომელიც დამყარებული ჰქონდა „ნაცმოძრაობას“ - შალვა პაპუაშვილი

01 ოქტომბერი 2025, 11:27 104 ნახვა

13 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ქართულს ებრძოდა და სძულდა, დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც სხვების გეოპოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად წირავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ თავისი მტკიცე ნებით აღდგომოდა იმ დიქტატურას, რომელიც დამყარებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„13 წლის წინ „ნაცობა“, როგორც ხელისუფლება დამარცხდა, თუმცა „ნაცობა“, როგორც ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ქართული ოფისი, ჯერ კიდევ დასამარცხებელია. ვხედავთ, როგორ მოქმედებს ეს ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგია. ეს არის გამოწვევა დღეს მთელი მსოფლიოსთვის. ვხედავთ აშშ-ში იგივე იდეოლოგიის მატარებლებს, რომლებიც სიძულვილს თესავენ და მათი დამარცხებაც როგორი რთულია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს სხვათა დროშების ფრიალს, სხვაგან საკუთარი ქვეყნის დასმენას, სიძულვილის თესვას და ეს იდეოლოგია არის ჯერ კიდევ დასამარცხებელი. მათ შორის 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს ექნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ თავისი მყარი პასუხი გასცეს „ნაცობას“, როგორც იდეოლოგიას, რომელიც გულისხმობს სხვების ინტერესების, სხვა ქვეყნების თუ სხვა გარე ძალების ინტერესების გატარებას. ამიტომ, ჩვენი 13-წლიანი გამოცდილებაც აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნაცობა“, როგორც ხელისუფლება დამარცხებულია, იდეოლოგია იკვებება გარედან და ამ იდეოლოგიას ჯერ კიდევ სჭირდება დამარცხება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, 4 ოქტომბერს, თუ მოხდება ძალადობის ერთი ფაქტი, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ.

„დღეს უკვე ყველაფერი ცხადია. საჯაროდ არის გაცხადებული, რომ იგეგმება ძალადობა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან და ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ძალადობას. ეს არის გამაოგნებელი სკანდალი, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა საჯაროდ გაიზიარა პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს შინ და გარეთ, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს - 4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა რაც მოხდება „ნაცმოძრაობის“, აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით და შესაბამისად, ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე