ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს - სპეციალური პენიტენციური სამსახური „TV პირველის“ სიუჟეტს ეხმიანება

15 ნოემბერი 2025, 23:12 131 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს ეხმიანება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სატელვიზიო მასალა მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას.

"პირველ რიგში, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე