სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუსის სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.
კუპრავას დაკავება უკავშირდება არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.
როგორც სუს-ში განაცხადეს, კუპრავამ ჩაიდინა სსსკ-ის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ რამდენიმე წუთის წინ დაკავებულია პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის’“ და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა. გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.
აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება – ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავ სსსკ-ით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას. ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სსკ-ის 317-ე და 353-ემუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
საგულისხმოა, რომ მანვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა – ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
ვიდეომიმართვაში ზვიად კუპრავა აცხადებს: „4 ოქტომბერს, დილიდან ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ „სპეცოპერაციის“ პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე