ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერი ქართველი ხალხისა და არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს მკაფიო პასუხს - პაპუაშვილი

10 ოქტომბერი 2025, 11:45 138 ნახვა

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ შეკრებას 4 ოქტომბერს, რომელიც 23 სექტემბერს გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებიდან 10 დღის განმავლობაში მოუწოდებდა, განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო ნული.

„დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, რომელიც ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, თუ იქნებოდა ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის განცხადების გამო, ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვხედავთ, უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას. ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეების და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ, ის, რომ შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმის მაგალითია, რაც უნდა დასრულდეს.

„წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვისმენთ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არ არის არჩეული და არის დანიშნული საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან, ვისმენდეთ არაარჩეული ბიუროკრატის მხრიდან თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ ზედმეტია საუბარი საერთოდ რაღაც ევროპულ სტანდარტებზე, ეს არის უბრალოდ მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. და, მესამე, პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა შედარება, თუ რაღაც მითითებები რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა, რასაც ის ეწევა. პროპაგანდას რომ ეწევა გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდა ქართველი ხალხის მიმართ, ეთნიკური ეპითეტების გამოყენებისა და ხან რუსული სახელმძღვანელო, ხან რას ამბობს და ხან რას ეს ადამიანი. ეს მიუღებელია, გუშინაც დავწერე და დღესაც მინდა, ვთქვა, ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება ქართველი ხალხის და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, ყოველ ჯერზე მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ და, ასე ზემოდან ყურებით გამოდის ერთი ბიუროკრატი, რომელმაც კარიერა ახლახანს დაიწყო სავარაუდოდ იქ, გამოდის ერთი ბიუროკრატი და თავს ესხმის ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელისა და მისი საელჩოების მხრიდან გვესმის გამაყრუებელი დუმილი, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ასე იყო შარშანაც, როდესაც პარლამენტი ლამის გადაწვეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი, ეს არის ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავების პირდაპირი მხარდაჭერა.

„ამიტომ, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავებისა. ეს არის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ჩვენ ვიხილეთ ჯერ პრესსპიკერის განცხადებაში, როდესაც 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მხარი დაუჭირა და ახლა ვხედავთ მათი დუმილით და ეს ასე უნდა მივიღოთ ქართველმა ხალხმა. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ პირდაპირ ვხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ყველაფერში. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის შტორმით აღების მცდელობის პარალელურად და მე გუშინ გამოვაქვეყნე წუთობრივი შედარება. პარალელურად, მაშინ, როდესაც ლამის ქვეყანა 90-იან წლებში ბრუნდებოდა და ვიდექით ზღვარზე ამისა, რომ აქ ატეხილიყო ქაოსი, ზუსტად ამის პარალელურად ვხედავდით ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტს, რომელმაც პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, ძალადობას და ა.შ. პირდაპირ, პარალელურად ამისა, ვხედავდით ამ ყველაფერს, ვინაიდან აშკარა იყო, რომ იყო მხარდაჭერილი ეს ძალადობა გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე