ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის, Wine21.com ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს, დეგუსტაციას და ქართული ღვინის ფესტივალს 400 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.
ქართული ღვინის მასტერკლასი კომპანიის, Wine21.com აღმასრულებელმა დირექტორმა მიკი ჩოიმ და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა, მიხეილ თიგიშვილმა გახსნეს.
ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა წარუდგინა.
ქართული ღვინის მწარმოებელმა ათამდე კომპანიამ ინდივიდუალური პრეზენტაციები და სხვადასხვა დასახელების ღვინო წარადგინეს.
ღონისძიების მეორე ნაწილში, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანიის მიერ, ადგილობრივი იმპორტიორების, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისა და სომელიეებისთვის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ქართული ღვინის ფესტივალით დასრულდა, რომელიც მოიცავდა საზეიმო მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, დარგის ადგილობრივი ექსპერტების, ჟურნალისტებისა და ინფლუენსრებისთვის, ასევე ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებულ საინფორმაციო აქტივობებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე