6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით საქართველოში კომპანია Eagle Hills-ი შემოდის. დღეს კომპანიის ოფისის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კომპანიის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება ქვეყნისთვის უდიდესი ნდობის გამოცხადებაა.
ირაკლი კობახიძის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება და ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება.
პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე - აცხადებს კობახიძე.
აღნიშნული პროექტით თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, ახალი მწვანე ქალაქი აშენდება - საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, შეიქმნება ახალი კურორტი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე