შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, მეზობლად მცხოვრებ - 1978 წელს დაბადებულ ი.მ. -ს დანის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ ა.ბ. ბრალდებული სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.