გარემოს ეროვნულ სააგენტოს და სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

04 დეკემბერი 2025, 14:59 86 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა ლევონ აზიზიანმა  ხრამი-დებედას ტრანსსასაზღვრო მდინარის აუზში მონიტორინგისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მოაწერეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქმიანობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებლობების გაძლიერების და მონაცემების გაცვლის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ითვალისწინებს ხრამი-დებედას მდინარის აუზში შერჩეული წყლის ობიექტების (როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა) ერთობლივ მონიტორინგს, ინფორმაციის გაცვლისა და მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების მომზადებას, რის საფუძველზეც მხარეები განახორციელებენ მონიტორინგს და ინფორმაციის გაცვლას.

„მემორანდუმი ეფუძნება ჩვენი ქვეყნების მრავალწლიან თანამშრომლობას, კონსულტაციებს, ერთობლივ საველე სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს მონიტორინგის სტანდარტების ჰარმონიზაციაში, რაც მხარდაჭერილია EUWI Plus-ისა და EU4Environment – წყლის რესურსებისა და გარემოსდაცვითი მონაცემების პროგრამების მიერ. ხრამი-დებედას მდინარის აუზი საქართველოსა და სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საერთო რესურსია, რომელიც უზრუნველყოფს წყალს ეკოსისტემებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, ენერგეტიკისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ მემორანდუმით ჩვენ ვქმნით მკაფიო ინსტიტუციურ ჩარჩოს ერთობლივი მონიტორინგისთვის, მონაცემთა გაცვლისა და ანგარიშგებისთვის, როგორც ზედაპირული, ასევე მიწისქვეშა წყლის რესურსებზე“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ელენე ღუბიანურმა.

სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის, ლევონ აზიზიანის განცხადებით, სომხურ-ქართული ერთობლივი მონიტორინგის პროგრამა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მონიტორინგის ქსელების, საველე გაზომვებისა და ლაბორატორიული ტესტირების მეთოდოლოგიების ჰარმონიზაციას, გააუმჯობესებს მონაცემთა შედარების ტექნიკური ფორმატებისა და მონაცემთა გაცვლის პერიოდულობას.

„ხრამი-დებედას აუზში ჩვენი ქვეყნების მიერ ერთობლივ მონიტორინგს წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების ფარგლებში დაიწყო. მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენ ვახდენთ ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციას გრძელვადიანი, სტაბილური და ურთიერთ სანდო მონაცემთა ბაზის შექმნით, რაც აუზის წყლის რესურსების ყოვლისმომცველ და ეკოსისტემაზე დაფუძნებულ მართვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ლევონ აზიზიანმა.

სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით,  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს ელენე ღუბიანურთან ერთად, სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმღვანელის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების მეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში