ენმ: ''ბათუმის პორტით და ტერმინალით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული''

04 აპრილი 2018, 00:00 2574 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ბათუმის პორტისა და ტერმინალის შესყიდვას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია აპირებს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის ინტერესებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მამუკა ბახტაძე ლობირებს, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი ირაკლი მოწყობილია.

გია აბულაძე პორტში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, ტვირთბრუნვის შემცირებასა და რეორგანიზაციას ხელოვნურ და წინასწარ დაგეგმილ პროცესად მიიჩნევს.

 "ბიძინა ივანიშვილის კომპანია აპირებს პორტის შესყიდვას. ის, ბახტაძის, ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობით ცდილობს ხელში ჩაიგდოს პორტი და ტერმინალი. რამდენიმე დღის წინ დააანონსეს, რომ ბათუმის პორტში უნდა აშენდეს სასუქების ტერმინალები, რეალურად ამით ნიადაგი მოამზადეს, რომ თითქოს ახალი კომპანია შემოვა რომელიც ჩადებს ინვესტიციებს. ამის უკან კი იმალება ის, რომ შემოჰყავთ ივანიშვილის კომპანია მართვაში. განიხილება ორი ვარიანტი, ან შეისყიდონ ძალიან დაბალ ფასად ადგილზე, ან ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდოს ბათუმის პორტიც და ტერმინალიც. რეალურად პროცესებს მამუკა ბახტაძე მართავს და აჭარიდან მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი ირაკლი მოწყობილია. კომპანიას მალე დავასახელებთ, ამჟამად რამდენიმე კომპანიაზეა საუბარი და ამიტომ თავს ვიკავებთ. ჩვენ მოვუწოდებთ  პროკურატურას დაინტერესდეს პორტისა და ტერმინალის საკითხებით" - განაცხადა გია აბულაძემ.

 

გუშინ, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ  განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრი იყო ბათუმის საზღვაო სანაოსნოს ფინანსურ კრიზისზე. წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წელთან შედარებით, პორტის სუფთა მოგებამ 86% იკლო. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში