ზურაბ პატარაძე: საზოგადოება ''ბათომს'' მინდა ვუთხრა ''არ ინერვიულოს''

19 აპრილი 2018, 00:00 2435 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საზოგადოება ''ბათომის'' მიმართვას ეხმიანება. კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოების წევრები, პატარაძეს წერილობით სთხოვდნენ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატი, მესამე სექტორთან კონსულტაციების შედეგად წარედგინა.

პატარაძე ამბობს, რომ შეხვედრის და კონსულტაციების პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს დამშვიდდნენ, რადგან ამ თანამდებობაზე პროფესიონალ კადრს დანიშნავს, რომელსაც უყვარს და ადარდებს ქალაქი. 

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის და სკულპუოზურად ვუდგებით თითოეულ დეტალს, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ღირსეული კადრი და დარგის სპეციალისტი იქნება შერჩეული, რომელსაც გული შეტკივა ქალაქის განვითარებაზე და მომავალზე. არა ვართ შეზღუდული კონსულტაციებზე, მათ შორის არც "ბათომთან", პირიქით, მიკვირს რატო აკეთებენ ასეთ განცხადებას. არაერთიგზის შეხვედრა გვქონდა, საქმის კურსში არიან, რომ ძველ ბათუმში რეგულაციები გავამკაცრეთ და 15 მეტრის ნაცვლად 12 მეტრამდე ჩამოვიყვანეთ მშენებლობის ზედა ზღვარი. ჯეოგრაფიკის შედგენილი დოკუმენტი დამტკიცდა და ისინი ჩართულები იყვნენ ამ პროცესში, ასევე მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და საზოგადოებისაც, რომ ''ზონალური საბჭოში'' ცვლილები მომხდარიყო და ხედავთ, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია და წარმოდგენილია ახალი სახეები ამ საბჭოზე. მინდა ვუთხრა, რომ არ ინერვიულონ, შევარჩევთ ძალიან საინტერესო ადამიანს, რომელიც უყვარს ქალაქი და იზრუნებს მის სწორ განვითარებაზე"  - განაცხადა პატარაძემ.   

საზოგადოება "ბათომმა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წერილობით გუშინ მიმართა. 

ამავე კატეგორიაში