საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი პაატა შავაძე იქნება

02 ივნისი 2018, 00:00 3919 ნახვა

ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, რომ სურვილი აქვს  მთავარი პროკურორის თანამდებობა დაიკავოს. განცხადება ამის შესახებ მან დღეს გააკეთა. მისი ინფორმაციით,  მას მხარს 35 არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოების  ცნობილი წევრები და ადვოკატები უჭერენ.. უახლოეს დღეები პაატა შავაძე გეგმავს  საკუთარი ხედვების პრეზენტაციას.

მისი განცხადებით, არჩევის შემთხვევაში  ის  უწყების მიმართ საზოგადოების ნდობას გააძლიერებს და სამართლიანობას აღადგენს. ადვოკატს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მუშაობა მას 2015 წელსაც სურდა.  მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. 

პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი დაუყოვნებლივ, მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. აღნიშნული კონსულტაციები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

კონსულტაციების შედეგად შერჩეულ არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას.

ამის შემდეგ პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს მთავრობას, თანხმობის მიღების შემთხვევაში კი კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს.

პარლამენტი, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.​

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში