''ქურდული სამყაროს'' წევრობისთვის დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა

19 ივლისი 2018, 00:00 8288 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 ივლისს  „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. 

საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებული ივანე გიგიაძე შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და დაკავებულს დარბაზი დაატოვებინეს. 

10 დაკავებულიდან, სამი ითხოვს სასამართლო სხდომები მათი დასწრების გარეშე გაიმართოს.

სასამართლოზე ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ''ლავასოღლის'' შესახებაც იმსჯელებენ, რომელსაც საგამოძიებო ორგანომ ბრალი გუშინ დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებულების ადვოკატები და ოჯახის წევრები წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებიან.

სამართალდამცველებმა აჭარასა და თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი:  62 წლის ივანე გიგიაძე; 39 წლის იმედა აბაშიძე; 38 წლის ჯამბულ ნაკაშიძე; 36 წლის  ბეჟან დეკანაძე; 36 წლის მარად წითელაძე, 38 წლის შოთა კეკელიძე და 32 წლის  ზაალ ახვლედიანი დააკავეს. 

სამართალდამცველები ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ სამი პირი, რომლებსაც პოლიცია ქურდულ სამყაროს წევრობასა და მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვას ედავება. 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში