ჩაისუბანში 44 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული თურქეთში დააკავეს

28 ნოემბერი 2018, 00:00 7169 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში დღეს 44 წლის მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული უკვე დააკავა. 

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯ.ა თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა.

''ქართველი სამართალდამცველების მიერ, მკვლელობის ფაქტიდან ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯ.ა თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა. ქართველი და თურქი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებული საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გადმოიყვანეს. იგი ქართველ სამართალდამცველებს თურქმა კოლეგებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადმოსცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი პირად კონფლიქტს უკავშირდება. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ამავე კატეგორიაში