რეგიონის ახლადდამტკიცებული მინისტრები მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგნენ

18 ივლისი 2016, 20:00 929 ნახვა

რეგიონის ახლადდამტკიცებული მინისტრები მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგნენ. მთავრობის შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია, ამდენივე კი ძველი. უწყების თანამშრომლებს ხელმძღვანელები ზურაბ პატარაძემ წარუდგინა. 
რეგიონის პირველმა პირმა თავდაპირველად თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი გააცნო. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. ლაშა კომახიძე ახალი სახეა, თუმცა თანამშრომელთა ნაწილი მას კარგად იცნობს. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა და აღნიშნულ სფეროსთან უშაულო შეხება ჰქონდა. 
ზურაბ პატარაძემ დღესვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები წარადგინა. 
ნუგზარ სურმანიძე ერთერთია მათ შორის, ვინც განახლებულ შემადგენლობაში პორთფელი შეინარჩუნა. მას მხოლოდ რამდენიმედღიანი პაუზა ჰქონდა. ნუგზარ სურმანიძე უწყებას 3 წლისა და 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს. რეგიონის მმართველმა რამაზ ბოლქვაძე თანამშრომლებს ვიწრო წრეში წარუდგინა. ის ყოფილი მინისტრის დავით ბალაძის პირველი მოადგილე იყო.
მინისტრებმა დღეს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ისინი რეგიონის გასანვითარებლად მობილიზებულნი და მოტივირებულები არიან და შეეცდებიან, მათი მუშაობა მოსახლეობაზე დადებითად აისახოს.
რაც შეეხება ცვლილებებს, მინისტრები რადიკალურ გადადგილებებს გამორიცხავენ. რეორგანიზაციას არ აპირებენ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები.
პირველი დავალებები მინისტრებმა უკვე მიიღეს. ზურაბ პატარაძე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას იმისთვის მოითხოვს, რომ დაგეგმილი პროექტები და პროგრამები სრულად განხორციელდეს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა მაღალია, ვადა კი მცირე. ზურაბ პატარაძის თქმით, წინ საარჩევნო პერიოდია და მინისტრებმა ეფექტურად უნდა იმუშაონ. 
რეგიონის პირველმა პირმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა გუნდის შერჩევის სპეციფიკაზე. ამბობს, რომ ეს არის პროფესიონალიზმი. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კვალიფიციური გუნდი შეკრიბა, რომელიც მას იდეების რეალიზებაში დაეხმარება.
ავტორი: ირინე წუწუნავა

ამავე კატეგორიაში