დე ფაქტო აფხაზეთიდან 15-მა აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე დასწრება ვერ მოახერხა

03 ივლისი 2019, 16:50 2505 ნახვა

დე ფაქტო აფხაზეთს, ენგურის ხიდი უკვე ექვსი დღეა ჩაკეტილი აქვს. მესამე დღეა კი საქართვლოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საგამოცდო პროცესში მონაწილეობს. 15-მა აბიტურიენტმა კი გამოცდებზე დასწრება ვერ მოახერხა.

უწყების ცნობით, განათლების სამინისტროს აქტიური ჩარევითა და კომუნიკაციით, აბიტურიენტებმა გამშვები პუნქტის გადმოკვეტა შეძლეს. 

''შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელის დაკეტვის მომენტიდან ამ დრომდე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს. სხვადასხვა არხის, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად, სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი, რომელსაც ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულია. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა, რათა რუსული ბარიერები დაეძლია. 

მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არც ერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან  უმაღლესი განათლების გარეშე არ დავტოვებთ. მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150 ლარიან სტიპენდიას გულისხმობს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინფორმაციით, ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, უმაღლეს სასწავლებლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი