ბათუმში ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა - ეკონომიკის მინისტრი

11 ივლისი 2019, 15:11 2438 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც რამდენიმე დღეა ბათუმში იმყოფება ამბობს, რომ აჭარაში ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა. ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოთ განაცხადა.

''ჩვენ განსაკუთრებულად დამოკიდებული არ ვართ რუსულ ტურისტებზე, მაგრამ ეს მიმართულება მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები, ის რიგითი ადამიანები, ვინც ელოდებოდნენ ამ ტურისტებს და დღეს სწორედ ამ პრობლემას ვხედავთ. 

ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თუ როგორ აისახა ეს შეზღუდვა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიაზე.  ვიცით, რომ ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ვისურვებდით უფრო მეტად ყოფილიყო დატვირთული ჩვენი კურორტები”, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ რუსულ ემბარგოზეც ისაუბრა და თქვა, რომ სრულყოფილი ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, საქართველოს ზიანი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა. 

''რომ დაწესებულიყო ემბარგო, რაც არ განხორციელდა საბედნიეროდ, მთლიანი ზიანი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს. მე ჩავშლი თუ ვინმეს აინტერესებს, ამ მათემატიკის უკან რა დგას.  ეს არის პირველ რიგში 750 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 2 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავალი ტურისტებისგან, რაც უნდა მიგვეღო წლის ბოლომდე. ეს არის 600 მილიონი დოლარის ფულადი გადმორიცხვები, რაც შარშან შემოვიდა და დაახლოებით იგივე დონეს ველოდებით წელს. ასევე, ჩვენი ექსპორტი ღვინის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და მინერალური წყლების, რომელიც წლიურად აღემატება 300 მილიონ დოლარს”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში