ანგისის პირველი შესახვევში მოსახლეობა საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითხოვს

07 აგვისტო 2019, 23:00 2259 ნახვა

ანგისის პირველი შესახვევში ცენტრალური გზის დიდი ნაწილი მდინარემ წაიღო. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამანქანე გზით თითქმის ერთი წელია ვერ სარგებლობენ. მოქალაქეები ყვებიან, რომ მდინარემ დროთა განმავლობაში გზის ნაწილი ნელ-ნელა მიიტაცა, რის გამოც დღეს-დღეობით  ქვეითად მოსიარულეების გადაადგილებაც გართულებილი და საფრთხის შემცველია.

''რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმა მოვიდა. დილით რომ გამოვედით ქუჩის ნახევარი კიდევ უფრო შევიწროებული დაგვხვდა. ტერიტორიაზე გადაადგილება საშიშია, ღამით შესახვევში  ავტომობილით რომ შემოხვიდეთ, შესაძლოა პირდაპირ ადიდებულ მდინარეში აღმოჩნდეთ" - გვიყვება  ერთ-ერთი ადგილობრივი,  რომელმაც აჭარის მაუწყებელს პრობლემის გაშუქება სთხოვა.

ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან ფაქტზე დროულ რიაგირებას ითხოვენ.

''გაბიონის მოწყობა და საავტომობილო გზის მოწესრიგება გვინდა,  გვიშველეთ. დროულად ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას ვიდრე ავარიულ გზას მსხვერპლი არ მოჰყოლია''- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან, უწყებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნას  მიმდინარე წელს დააკმაყოფილებენ.

''ჩვენს სამსახურს ​პროექტი შეძენილი აქვს, დაახლოებით 450 000 ლარი ჯდება კედლის ჩამოსხმა. სამუშაოები მალე დაიწყება და აღნიშნული პრობლემა მიმდინარე წელს გადაიჭრება''- გვითხრეს კეთილმოწყობის სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში