ხაშურში, წაღვლი-ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო რეჟიმი ტერიტორიას ღობავს
ანტისაოკუპაციო მოძარობა - "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურში, წაღვლი-ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო რეჟიმი ტერიტორიაზე ბოძებს ამონტაჟებს. დავით ქაცარავას თქმით, ოკუპანტებს გეზი ზაფხულში მოწყობილ ჩორჩანას ქართულ საგუშაგოსკენ აქვს, რომელსაც აპროტესტებდა ე.წ. ცხინვალის ხელისუფლება და საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებდა მისი აგების გამო.
ამტკიცებს, რო გაზაფხულისთვის ქართული საგუშაგო მოექცევა ოკუპანტების მავთულხლართების მიღმა და მესაზღვრეებეს მოუწევთ საგუშაგოს დატოვება.
"ტყე, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მაგრამ 2019 წლის 30 აგვისტოდან დღემდე გრძელდება მისი ოკუპაცია. პროცესი ყოველდღიურია.
"ატოცი, კოდა, ჭვრინისი, აბანო, წაღვლი, ჩორჩანა, ეს ის სოფლებია, რომლებიც უშუალო სიახლოვეშია დიდწილად უკვე ოკუპირებულ წაღვლი-ჩორჩანის ტყესთან. ეს ის სოფლებია, რომლებიც კოლაბორაციონისტმა მთავრობამ დაგვიკეტა როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ს, ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს.
ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ამ შემთხვევაში ავტომატურად ნიშნავს რუსებისთვის ჩვენი მიწების მიტაცებას კომფორტულ გარემოში.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენ დავაფიქსირეთ წაღვლი - ჩორჩანის ტყეში უკვე ღობეების დამონტაჟების მიმდინარე პროცესი და ახლა იძახეთ ხელისუფლების წარმომადგენლებო, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, რომ რუსები გაჩერებულები არიან და ჩვენ ტყუილად განგაშს ვტეხავთ.
ხო, შეგახსენებთ, რომ რუსები მიიწევენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომლითაც მოაქცევენ ქართულ საგუშაგოებს ახალი საოკუპაციო ხაზის შიგნით. სავარაუდოდ, ეს მოხდება გაზაფხულზე, მანამდე კი უკვე მიტაცებულ ტერიტორიებს შეღობავენ. ჩვენი ხელისუფლება კი კვლავ შეეცდება ჩვენ განეიტრალებას" - წერს დავით ქაცარავა.
ფაქტზე, საქართველოს პირველ არხთან განმარტება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ი ადასტურებს, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე.
„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს“, – აცხადებენ სუს-ში.