ახალი სატრანსპორტო სქემა - ცენტრალური ქუჩები ცალმხრივი ხდება

15 ივნისი 2020, 12:57 9825 ნახვა

ბათუმის ქუჩებში სექტემბრიდან ახალი საგზაო წესები ამოქმედდება. რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება. 

ბათუმის მერის განცხადებით, ​ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკმაოდ ვიწრო ქუჩებია, მომატებული ავტოტრანსპორტის ნაკადის ეფექტურად მართვისთვის კი ახალი მოდელი მუშავდება. 

დაგეგმილია გორგილაძის ქუჩის გაცალმხრივება ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით. ამავე დროს უკუმიმართულებით, ანუ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ხაზების - BUS LANE-ების მეშვეობით. 

ასევე გაცალმხრივდება ჭავჭავაძის ქუჩა 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, უკუმიმართულებით იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი.

''ვახტანგ გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩები, გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაცალმხრივდება. ტრანსპორტი იმოძრავებს გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. 

იგეგმება პუშკინის ქუჩის გაცალმხრივებაც. კერძოდ, ლორიას ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მოძრაობა ცალმხრივი იქნება ამავე მიმართულებით. ხოლო პუშკინის ქუჩის დანარჩენ მონაკვეთზე (თავდადებულის ქუჩიდან) მოძრაობა ორმხრივი დარჩება. 

ცალმხრივი გახდება გრიბოედოვის ქუჩა ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, სადაც განთავსდება შუქნიშანი, გაიხსნება გზაგამყოფი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ იმოძრაონ როგორც მარჯვნივ რუსთაველის მიმართულებით, ასევე მარცხნივ ახალი ბულვარის მიმართულებით. 

ცვლილებები შემუშავებულია მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქში BUS LANE-ების სისტემის დანერგვის მიზნით. ცვლილებების შემდეგ ქალაქში გაცილებით უკეთესი მოცემულობა გვექნება ვიდრე დღეს გვაქვს” - განაცხადა ბათუმის მერმა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში