სვანეთში დაკარგულ მოზარდს 80 მაშველი ეძებს, შემოწმებულია 38 სოფელი - შსს

05 აგვისტო 2020, 14:52 1601 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ილია ფილფანს 80 მეხანძრე- მაშველი ეძებს, პროცესში ჩართულია პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

უწყების ცნობით, მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. 

''ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები.

მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია'' - განაცხადეს ბრიფინგზე.

მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში