მოიპოვებს თუ არა ავტორიზაციას რუსული ვაქცინა "სპუტნიკ V"

03 თებერვალი 2021, 20:48 2093 ნახვა

სამედიცინო ჟურნალ ,,Lancet''-მა რუსული კოვიდვაქცინა „სპუტნიკ V“ კლინიკური გამოცდების მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ვაქცინის ეპიდემიოლოგიური ეფექტურობა 91.6 %-ს შეადგენს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ეს არის მხოლოდ ,,Lancet'' მიერ გამოქვეყნებული კვლევა და საჭიროა ვაქცინამ წარმოების აღიარება მოიპოვოს.

"სამედიცინო ჟურნალ ,,Lancet''-მა გამოაქვეყნა საკმაოდ დიდი კვლევა, 21 ათას ადამიანზე ჩატარებული,  აქედან 15 ათასი იკეთებდა წამალს დანარჩენი 6 ათასი პლაცებოს. ეს არის მხოლოდ ,,Lancet''-ის  კვლევა, მთავარია, რომ ამ კვლევამ წარმოების აღიარება მოიპოვოს. მარეგულირებელ ორგანოებს დიდი და მკაცრი მოთხოვნები აქვთ, ევროპის მარეგულირებელი სააგენტო იქნება თუ ამერიკის FDA, მეეჭვება ამერიკაში და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში რუსული ვაქცინა გაიყიდოს. 

საკითხის ირგვლივ საკმაოდ ბევრი კითხვებია. შედეგების ინტერპრეტაცია შეიძლება ვიღაცამ გააკეთა, მაგრამ ვინ შეასრულა კვლევა, რამდენად გულწრფელად? ამიტომ, რუსეთთან მიმართებაში იმდენად დიდი კითხვებია, მხოლოდ სტატია არ უშველით მათ, რომ ასე ვთქვათ "მწვანე შუქი" აენთოს ამ ვაქცინას. საჭიროა ახლა მარეგულირებელი კომპანიების მიერ აღიარება" - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსული ვაქცინა, დასაშვები იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის მარეგულირებლების ავტორიზაციას მოიპოვებს. 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერ ვაქცინას მივესალმებით, ვინც ევროპის წამლების სააგენტოს რეგისტრაციის თხოვნით მიმართავს. დღეს რუსული ვაქცინის კარგი მონაცემები ვიხილეთ. ევროკავშირში ნებისმიერ ვაქცინას მივესალმებით, თუმცა მხოლოდ ის ვაქცინები დაიშვება, რომლებიც ევროპის წამლების სააგენტოს საჭირო მონაცემებს მიაწვდიან“ - აცხადებს მერკელი.

მსოფლიო ბაზარზე, ვაქცინის რამდენიმე სახეობა ლიდერობს, ,,Pfizer'', "Moderna'' და "Astrazeneca" ვაქცინებმა 95%-იანი ეფექტი აჩვენა და მრავალ ქვეყანაში საგანგებო გამოყენების ავტორიზაციაც გაიარა.

როგორც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტაციას, ისე მის ევროპულ ეკვივალენტს - ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვაქცინის ეფექტურობისთვის 50%-იანი ზღვარი აქვს დაწესებული.

რაც შეეხება საქართველოს, ის ,,Pfizer''-ის ვაქცინას თებერვლის ბოლომდე მიიღებს. ამისთვის ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ისეთი კლინიკები, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციის განსახორციელებლად, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში