ეს არის ჭორები, არავინ არ აპირებს ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას - გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 11:09 329 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს.

გიორგი გახარიას თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება.

პრემიერი განმარტებით, საერთაშორისო გადაზიდვების 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი 788 ადამიანს დაუდასტურდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის მძღოლების ტესტირება, დღეის მონაცემებით 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი დაუდასტურდა 788 ადამიანს. შეიძლება გვეგონოს ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ.

გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს ბევრი კონტაქტი არ აქვთ.

„ჩვენი ერთი ჯგუფი უკვე წასულია ყაზბეგის რაიონში. იქ ინფიცირებული არიან ჩვენი მესაზღვრეები, საპატრულო პოლიცია, მათგან სამი არის ადგილობრივი, რომლებიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თითო-თითო სოფელში არიან. საბედნიეროდ, მათ ბევრი კონტაქტი არ აქვთ თავიანთ ოჯახებში, ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ყველა კონტაქტის გამოკვლევა და დღეს ჩამოვა გამოკვლევისათვის აღებული ნაცხები“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში