ქუთაისში აიღებენ კარვებს, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტები ტარდებოდა 

16 სექტემბერი 2020, 12:34 2040 ნახვა

ქუთაისში კორონავირუსზე უფასო ტესტები აღარ გაკეთდება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღესვე ქალაქის ცენტრში განთავსებულ საველე ლაბორატორიას აიღებენ.

კარვის დახურვის მიზეზად პედაგოგებისა და აჭარის კლასტერის სრულად გამოკვლევას ასახელებენ.

ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში კორონავირუსზე უფასო ტესტირება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯამში 1000-მდე მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ადგილზე 70 ტესტი გაკეთდა.

ბოლო 24 საათში ქუთაისში ვირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია.

ქუთაისში, "კლინიკა ბომონდში" მოთავსებული 30-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტებს შორის 12 ბავშვი, ორი ორსული და აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 6 ხანდაზმულია. მედიკოსები საყურადღებოდ ერთ-ერთ ხანდაზმულს მიიჩნევენ, რადგან მას თანმხლები დაავადებები აქვს.

"ძირითადად, მდგომარეობა პაციენტების, რომლებიც ჩვენს კლინიკაში გადიან მკურნალობას, არის დამაკმაყოფილებელი. საყურადღებოა ერთი ხანდაზმულის მდგომარეობა, რომელსაც ამავდროულად შაქრიანი დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადება აღენიშნება,"-განაცხადა "კლინიკა ბომონდი"-ს კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

გუშინ ღამით ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა. ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს, აქედან 7-ს პნევმონია აქვს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში