ქობულეთის 81-ე ოლქში ხმაურია - შემაჯამებელ ოქმებს აქციის ფონზე ამზადებენ 

11 ნოემბერი 2020, 15:43 1160 ნახვა

2x2 არ=41, ''არა სიყალბეს'', ''დაგვიბრუნეთ წართმეული არჩევნები'' - მსგავსი შინაარსის ბანერებით ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც დღეს შემაჯამებელი ოქმების შედგენა სრულდება. ამ წუთებში პროცედურა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომა "ევროპული საქართველოს" წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა და შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა. იგივე გააკეთა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც განაცხადა, რომ არცერთი მათი საჩივარი ოლქში არ განიხილეს.  ისინი ოლქის თავმჯდომარეს და წევრებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სთხოვდნენ უბნებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმები წარედგინათ. 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძემ მათ განუმარტა, რომ ყველა ოქმი უბნიდან შემოსულია, ოქმების საფუძველზე შეაჯამეს არსებული ხმები და ამის საფუძველზე მიიღეს საბოლოო ციფრი, რომელის შედგი შემაჯამებელ ოქმში დაიწერა.

'' თუ უნდობლობას იწვევს ეს პროცესი, შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხი შეგიძლიათ სასამართლოში გაასაჩივროთ'' - უთხრა გელა ხახნელიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. 

განახლება: ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 12-წევრიდან, საბოლოო შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა "ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა და ''ევროპული საქარველოს'' წარმომადგენელმა. ''პატრიოტთა ალიანსის'' წარმომადგენელმა კი ოქმს ხელი მოაწერა.

როგორც 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი ამბობს, მათ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად იხელმძღვანელეს და ასე შედგა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი.

ქობულეთის 29-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მე-2 ტური არ გაიმართება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში