ქვეყანა პიკთან ახლოს არის - ბიძინა კულუმბეგოვი

17 ნოემბერი 2020, 14:46 1191 ნახვა

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა რეალური პრობლემაა. მისივე თქმით, ექიმებმა პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ ყველა მათგანს კლინიკაში განთავსება არ სჭირდება.

მისი შეფასებით, ზოგადად ეპიდემიის მიმდინარეობის ტრაექტორია აღმავალია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„ვთანხმდებით, რომ ქვეყანა პიკთან ახლოს არის. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის, თითოეული ექიმისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან პაციენტების გაზრდილი რაოდენობა და სახელმწიფოს შესაძლებლობები. ვისაუბრეთ ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე, რაც რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა სამედიცინო და არა სახელმწიფოს ნაწილში.

თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი. ამისთვის საჭიროა რესურსებზე ხელმისაწვდომობა და აქ პირველ რიგში იგულისხმება პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი გაუმჯობესება.

ასევე რა თქმა უნდა, საუბარი იყო მობილობის შემცირებაზე, რათა ჩვენ ვირუსის გავრცელების ბუნებრივ მაჩვენებლებს დავარტყათ. ეს თავისთავად აისახება ავადობის შემცირებაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს ჰოსპიტალიზაციის შემცირებას და მასზე შეწონილ სიკვდილობის ციფრს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით განმეორებითი შეხვედრები გაიმართება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ექიმი ლევან რატიანი კი ამბობს, რომ ინფექციის გავრცელების წყვეტა უნდა მოხდეს. ქვეყანაში ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სამედიცინო საზოგადოება ვერ გაუძლებს.

''სამწუხაროდ ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი ვიდრე წარმოგვედგინა. წინა პერიოდში რადგან ცოტა იყო ინფიცირებული, ყველა ხვდებოდა კლინიკაში და მათზე ზედამხედველობას ახორციელებდა ექიმი და მომსახურეობა იყო ჰუმანური. 

მე არასდროს არ ვლაპარაკობ ჩურჩულით, ვამბობ ყოველთვის იმას, რასაც ვფიქრობ. ჩვენი სამედიცინო სტრუქტურა არ არის, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებშია. ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დროს დადგება.

ცხოვრებაში პაციენტის მიღებაზე უარი არ მითქვამს. სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე დღეა, ბევრი არა ვთქვი პაციენტის რეფერირებაზე. 

ვარ კლინიცისტი და არანაირი პოლიტიკა არ მაინტერესებს, ვიცი ერთი რამ სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი. ყველაფერს აქვს რესურსი, მითუმეტეს სამედიცინოს'' - აცხადებს ლევან რატიანი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში